Pages

Tuesday, August 28, 2012

Paloma Negra


paloma negra















 
ნაწნავად აკეცილი თმა და აკეცილი ფეხები. 
გრძელი თითები. 
სიგარეტს არ ვეწევი, არადა მისწრება იქნებოდა ახლა, რომ ვეწეოდე, სიგარას მაინც.
მარტო ვარ სახლში, მარტო მე და ჩაველა. 
ჩემი ბებერი, ტკბილი, ხრინწიანი ჩაველა. მოვიდა ჩემთან და მიყვება თავის გულისშემძვრელ ისტორიებს. მე არაფერი მესმის ამ ესპანურის, თუმცა ჩაველასი მესმის. 
ან იმას ჩემი, ასე რომ არ იყოს, აბა რატომ მიმღერდა ზუსტად იმას და ისე, რაც სულს ასე დამიკაწრავდა. ასე როგორ ყველაფერი იცის მეთქი, მერე ვფიქრობ, ჩემზეც, ყველაზეც..
ვსხედვართ ახლა ჩემს აივანზე და არც აქ, ალბათ არც მექსიკაში, ნიავი არ იძვრის სიცხისგან შეგუბებულ ღამეში. 

მე, ჩაველა და წითელი ღვინო. 

ვფიქრობ, მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს ასეთი, როგორ გეღვრება უსინდისოდ ძარღვებში, გულს გიკუმშავს, როგორ დაუკითხავად ასეთი შენი ხდება. 

სიმღერას რომ დაიწყებს, და როგორ დაიწყებს ხოლმე, ეს სიფრიფანა ჩაველიტა, აჩერებს ამ ჯიუტად მიმავალ დროს, აშეშებს, აჯადოებს.

რა უნდოდა, ჩემი ცხოვრება მაქვს საცხოვრები, ამან კიდევ ჩამკიდა ხელი, მომწყვიტა ჩემ თავს და დამახეტალებს თვალებახვეულს, თავის ტკივილიან, მზისგან გახუნებულ ქვეყანაში. 
მიყვები და უღმერთოდ ტირიხარ, ამას კიდევ გულში ყავხარ ჩაკრული, თავზე გისვამს თავის გრძელ თითებს და თავისივე ცრემლებით გიხორცებს დაწიწკნილ სულს. 

მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს, ასეთი, აგაფრენს და მერე მიწაზე დაგანარცხებს. და მერე საერთოდ  საკუთარ თავს გადაგავიწყებს. 
სუნთქვას მავიწყებს, გულს მიჩერებს ჩაველას ხმა. თვითონ ალბათ არ უნდა, მაგრამ არ გამოსდის სხვანაირად, ჩაველა ასეთია, და ამიტომ. 


Sunday, August 26, 2012

დღესასწაულები


 
















შენ გეშინია, მე კი მშვიდად ვარ და გელოდები.  
მე უკვე საკუთარ კანზე, სათითაოდ ყველა უჯრედზე, განცდილი მაქვს ეს ყველაფერი, რაც ახლა შენ ასე გაშინებს და მინდა, რომ ჩაგეხუტო მაგრად, ძალიან მაგრად და გითხრა, რომ ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად იქნება. არა, ისევ ისე არა, როგორც აქამდე იცოდი, მაგრამ სხვანაირად კარგად. 
კიდევ, იმასაც გეტყვი, რომ დიახ, ის დაბადების დღეები, ადრე რომ გიხაროდა, ახლა თვითონაც რომ არ იცი და ვერც ხვდები რატომ, გაშინებს და ყველა დღეზე მეტად რაღაცნაირად გასევდიანებს, ჩვეულებრივი დღეები გახდება და ამასაც შეეჩვევი.
რომ ახალი წლის მოსვლა, ფეიერვერკებით და ამბებით, სულ აღარ აგამსუბუქებს და ეგეც ერთი ჩვეულებრივი დღე გახდება. 

და მიხვდები მერე, რომ სხვისი შექმნილი დღესასწაულები სულაც არ ყოფილან ნამდვილები და სინამდვილეში, ყველა ადამიანი თავის სასწაულ დღეს თვითონ ირჩევს. და მერე გრძნობ, რომ ნელ-ნელა, ერთი ჩვეულებრივი 5 თებერვალი, ყველაზე საოცარი დღე ხდება შენთვის და აქამდე თურმე, ამ დღეს ელოდებოდი, სასწაულად რომ აგერჩია : ) 

ასეა, მე უკვე ჩემი დღესასწაულები მაქვს და ვერცერთი აი ის სავალდებულო, სახეზე 
გულიანღიმილმიწსაწებებელი დღესასწაულები, ვეღარ მივა ჩემთვის და ჩემით ნაპოვნ 
ვარდისფერ დღეებთან.