Pages

Sunday, May 17, 2015

სამიოდ საკითხი..

შეიძლება შორიდან უფრო მძაფრად აღვიქვამ, შეიძლება საინფორმაციო წყაროები აბუქებენ, შეიძლება მართლა უარესდება მდგოამრეობა თბილისში, ჩემი მეგობრების Facebook სტატუსებს თუ ვენდობი. მაგრამ არის რამდენიმე საკითხი რომელიც განსაკუთრებით მაღელვებს და თან რეალურად დიდ რობლემად ვთვლი საზოგადოებისთვის და საზოგადოებისგან.
#1. დღევანდელი დღე, 17 მაისი. წინა წლების გამოცდილებიდან დიდი რისკი იყო, რომ წელსაც მსგავსი განუკითხაობა იქნებოდა. რა თქმა უნდა ვღელავდი და აქ რომ მეთქვა ვინმესთნ კი მაგრამ რატომ, სასაცილოდ არ ეყოფოდათ ალბათ, მოსალოდნელი აქციის დარბევის მეშინია, იმიტომ რომ ჰომოფობი ერი ვართ მეთქი.
მიხარია, რომ არავინ დაშავდა, და მიუხედავად გასაიდუმლოებული ადგილისა, ვთვლი, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი იყო და რაც მთავარია მშვიდობიანად ჩატარდა, რაც საჭირო იყო რომ ჩატარებულიყო - მშვიდობიანი აქცია. #IDAHO.
#2. გამწვანება თბილისში. მოჭრილი ხეები, და სიმწვანის გაქრობა. ისევ ამ გადმოსახედიდან, სადაც ყველა ხეს უფრთხილდებიან, თითო ნერგს და ბალახს. სადაც ყველაფერი მწვანეა ირგვლივ, დიახ, ქალაქის ცენტრიც! სადაც კოლეჯებია, იქ ხომ საერთოდ, ეზოები ისეა მოვლილი და გამწვანებული, როგორც ერთმა ჩემმა მეგობამა თქვა, მთელი დღე იქ ჯდომა და მწვანე მდელოებზე მეცადინეობა მოგინდება.
თბილისში ადგილი აღარ იქნება, სადაც შეიძლება სიმწვანეში დაჯდე და დაისვენო, ან ცოტა გაისეირნო, ზაფხულში უფრო გრილად იყო, სუფთა ჰაერი ისუნთქო-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს სიტყვები აღარავის ახსოვს რას ნიშნავს..
#3. ც-ჰეპატიტის პროგრამა და გავრცელებული უშინაარსო, პროვოკაციული სტატიები, სადაც ადამიანებს, რომელთა ბოლო იმედი არის ეს პროგრამა, და ამოისუნთქეს, გამოჯანმრთელების რეალური შანსი მიეცათ, ვიღაც ავტორები გამალებით უჩიჩინებენ, რომ საცდელი, ლაბორატორიის ვირთხები არიან და სახელმწიფო ატყუებთ. დაინტერესებულხართ რეალურად ამ პაციენტების ბედით? რომელიც წამალს იღებს იმედით, რომ ხსნა მოვიდა, თქვენ კი უწამლავთ მომავალს, რომ არც განიკურნება და / ან უარესი დაემართება. წამალს იღებს და თან ფიქრობს რომ რაღაც არნახულ შხამს სვამს. ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ რას აკეთებთ როცა ამდენ გადაუმოწმებელ პროვოკაციულ ტექსტს აშეარებთ და აქვეყნებთ?
ეს ძალიან მოკლედ, მხოლოდ სამიოდ საკითხზე, თუმცა პრობლემები გაცილებით მეტია, სამწუხაროდ.

Thursday, April 23, 2015

გოგოების ოთახი

რაჭაში, ბავშვობაში რომელ ოთახშიც მეძინა ხოლმე, ერთი ფანჯარა ჰქონდა, აღმოსავლეთით. გოგოებს ოთახი. ჩემი, ქეთის და მარის. მე და ქეთის საწოლები გვერდიგვერდ, მარის ჩვენს პირდაპირ იდგა. დილით მზე ალბათ ასე 8 საათისთვის ამოდიოდა. ამ დროს ბებოს უკვე ეღვიძა და ძროხებთან მიდიოდა, ბაბუასაც ეღვიძა და ემირი ძიასაც. ჩვენ ცოტა უფრო გვიან ვიღვიძებდით, ჯერ მარი, მერე მე, მერე ქეთი. გიოს სხვა ოთახში ეძინა და როგორც წესი, სხვადასხვა დროს აღვიძებდნენ, იმის მიხედვით, მისი დახმარება საჭირო იყო თუ არა.
ჩვენი ოთახის ფანჯარა თეთრ ჩარჩოიანია, ძნელად იკეტება და ქარის დროს ჯახუნობს. ისე მთელი ზაფხული ღიაა და ეზოდან ბაღისკენ და მდინარისკენ მიმავალ, სახლის გაყოლებაზე გაწოლილ ბილიკს უყურებს. მარტო წვიმის დროს, ან ბაბუა როცა თაფლს იღებს მაშინ ვკეტავთ, ფუტკრები არ შემოვიდნენ.
აქ ოქსფორდშიც ჩემი და თორნიკეს საძინებლის ფანჯარა აღმოსავლეთით, საწოლის მარცხენა მხარესაა და ეზოს უყურებს. მე, კი, უფრო და უფრო ხშირად მესიზმრება რაჭა ზაფხულში.
ალბათ ყველაზე კარგი დილები იყო.
ძილ ბურანში ხედავ, ფანჯრიდან შემოსული მზე, წითლად შეღებილ ხის იატაკზე, თეთრი, გახამებული ფარდის თარგს იმეორებს. გარედან ზაფხულის და ბებოს და ემირი ძიას ხმები შემოდის, რომლებიც რაღაცაზე ბჭობენ, ბაღიდან მოდიან, ვერ ხვდები რაზე ლაპარაკობენ, მარტო ხმები ისმის, სიტყვები - არა. მერე ნელნელა უახლოვდებიან ფანჯარას, როგორც ჩანს სათიბში ღობეა გასამაგრებელი, ან ბევრი მზისგან მოსავალი კარგი არ მოვა და ბაღი უნდა მორწყან, ან ჩვენი ძროხა ურჩობს და რამე უნდა უშველონ. მერე ბებია ზუსტად ჩვენ ფანჯარასთან ჩამორჩება (აღმართია) ცოტათი, რაღაცას ისევ ელაპარაკება ბიძაჩემს, სახლის კუთხიდან კი ონკანის მოშვების ხმა და ემირი ძიას სიცილი ისმის.
ბებია უკვე სახლშია, მოწესრიგდება და საუზმეს გააკეთებს, ბაბუა, ისე რომ არად აგდებს იმას, რომ გვძინავს, ხმამაღლა კითხულობს საუზმე რამდენ ხანში იქნება, რამდენჯერმე, ჩვენ ფანჯარასთან. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურად :დ
ეს ნიშნავს რომ ჩვენც უნდა ავდგეთ, წამოვიზლაზნოთ, ჩავიცვათ, ხელ-პირი დავიბანოთ, ვისაუზმოთ, მერე ყავა ან ცხელი კაკაო დავლიოთ ეზოში, ისევ გამოვიცვალოთ და მდინარეზე წავიდეთ, ლამის მთელი დღით..
ძალიან დატვირთული დღეები.
რაჭა ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი, როგორც მაშინ, ჩვენ რომ პატარები და ემირი ძია და ბებია ცოცხლები იყვნენ. როცა ემირი ძიას მივყავდი სოფელში და იქ გიო მელოდებოდა. გზაში ტვინს ვუბურღავდი ხოლმე, ბიძაჩემი კიდევ სიცილით კვდებოდა რამდენი ლაპარაკი შემეძლო. ვეღარ გადავცურავთ ადიდებულ, გზაზე გადმოსულ შაორს ერთად, თვისი ძველი ჟიგულით და ვეღარც ყბაყურას გადავდებ, კონსპირაციულად რომ გავიპარე რაჭაში და ეზოში ფეხის შედგმისთანავე სიხცემ ამიწია. ყბაყურა კი, ბებოს და გიოს გარდა, (რომელიც სანამ მე ყბაყურა არ მოვიხადე, არც თვითონ ბანაობდა მდინარეში), მართლა მთელ ოჯახს გადავდე )))
არც ბებია დამხვდება, ნამგზავრებს, ახლად გამომცხვარ ლობიანებს, ცხელ ფელამუშს და ხორციან კერძს (ასე ეძახდა) არ დაგვახვედრებს. მერე აგვწონს და გვეტყვის, არ დავინახო 3 კილო არ მოიმატოთ აქ ყოფნაშიო. მერე მთელი ზაფხული, სულ ბოლო წლებამდე, თავს სულ პატარა ბავშვად გაგრძნობინებს, რომლის მთავარი მოვალეობა კარგად ჭამა და ყველაფერში მიხმარებაა.
მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ჩვენ სულ ვიქნებით იქ, ბედნიერები. ნატუკა, დათუჩა და ეკა, ჩვენ გვერდით იცხოვრებენ, ყველაზე მოკლე გზა ვაჟასთან და ნინოსთან (და ახლა უკვე პატარა ნიკოლოზთან <3) მისასვლელად ყველაზე მოკლე გზა, ნატას ეზოზე გადასვლა იქნება. გზის გადაღმა, ყველაზე გემრიელი საადრეო ვაშლები ისევ ჯონდოს ექნება და ისევ არასდროს გაგვიბრაზდება მთელი ზაფხული ამ ხეებზე ჯდომისთვის. მე და ნატაზე, ალბათ სულ ბებრები რომ ვიქნებით, მაშინაც გაიცინებენ, როცა ვიტყვით რომ კრიხში უნდა ავიდეთ, ბიბლიოთეკაში :დ ხოტეურას ხიდი, ისევ ყოველთვის იქნება ჩვენი ადგილი, სადაც მოაჯირზე უკუღმა თუ გადაეკიდები, ცა ტყეებით შემოსაზღვრული ტბა გეგონება.
და ისევ ყოველთვის, ყოველთვის გაგვიხშირდება პულსი, ამ ხიდის დანახვაზე და მიახლოებაზე, ყოველთვის! იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ ხიდის იქით ჩვენი ბავშვობა და კიდევ ბევრი ბედნიერი წუთი გველოდება <3