Pages

Friday, August 5, 2011

ერთი და იგივე ბედნიერება

ყოველი წლის ყოველ ზაფხულს, არის ერთი დღე როცა მე განსაკუთრებით აფორიაქებული ვარ, უზომოდ ვღელავ, საჭმელს ვერ ვჭამ, დავდივარ აქეთ-იქით სახლში და გარეთ და ადგილს ვერ ვპოულობ, არ მეძინება და მერე მგონია რომ ხვალინდელი დღე აღარასდროს გათენდება, რომ მე რამე მომივა, სიცხე ამიწევს,  და საერთოდაც ქვეყანა პირს შეკრავს ჩემ წინააღმდეგ და მე რაჭაში ვერ წავალ!

სისულელეა ხო, ასე ნერვიულობა რაღაც 5 საათიანი მგზავრობის წინ, ბოლოსდაბოლოს რა, კაცმა რომ თქვას,  A პუნქტიდან გადავადგილდები B პუნქტში, ისეთი არაფერი, ერთი შეხედვით, ერთი ჩვეულებრივი დღე უნდა გათენდეს...
მაგრამ
აი, რომ გითხრათ მთელი წელი ამ ჩვეულებრივი დილის მოლოდინით ვსულდგმულობ-მეთქი  დამიჯერებთ? ალბათ არა, მაგრამ თქვენთვის ჯერ არ მითქვამს,
რომ მე იქ ჩემ ბავშვობას ვუბრუნდები ხოლმე ყოველ წელს, რამდენიმე ყლუპ უზრუნველობით გაჟღენთილი ჰაერით ვივსებ ფილტვებს და მერე მყოფნის მთელი წელი..
რომ თითქმის არასდროს ვიწერები მესიჯებს, არ ვიკეთებ მაკიაჟს, მიმაქვს ყველაზე მოსახერხებელი ტანსაცმელი, შემიძლია წავიღო ბევრი წიგნი, მაგრამ არა, იქ ბიბლიოთეკაში ქექვას სულ სხვა გემო აქვს, ოდესღაც წაკითხული ემოციების..
ვწერ დღიურებს, ვკრიფავ სხვის ხილს, დავსეირნობ მდინარემდე ჩასასვლელ ბილიკზე, აკაციის ფოთლებს ვწიწკნი, ყოველ საღამოს გავდივარ ხიდზე, ვჯდები მოაჯირზე და როცა არავინ მიყურებს, ისე ვიხრები მდინარისკენ, რომ სული მხოლოდ ტერფებითღა მიჭირავს ხოლმე, და ცა ჩემს ქვევით, დიდი, მთებით შემოსაზღვრული ტბა ხდება..
ვჭამ ფიჭას, სიცილით ვკვდები დეიდაჩემის და ბაბუას ლაპარაკზე : ))) მძინავს მკვდარი საათის დროს, ვიღვიძებ აივანზე დილის სუსხში გაყინული ცხვირით და ვგრძნობ როგორი ცოცხალი ვარ.

ხო, და დღეს, აი ის დღეა ზუსტად, მე უკვე ნერვული გადაწვის ზღვარზე რომ უნდა ვიყო წესით და მეგონოს რომ ხვალ დილით ყველა ტრანსპორტი ერთიანად გამასწრებს და დავრჩები თბილისში..

და პირველად ჩემ ცხოვრებაში, ასე არ ვარ, ვიცი, რომ ხდება რაღაც ისეთი, რის გამოც რაჭაში ჩასვლისთანავე ერთი სული მექნება უკან დავბრუნდე. ვხვდები, რომ  დღეებს დავითვლი, იმ ჰაერსაც ჩქარ-ჩქარა ჩავყლაპავ, ბილიკზეც ჩქარი ნაბიჯებით ვივლი, მესიჯებსაც მოვიწერები და წამოსვლისას ვიფიქრებ, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ უკან დაბრუნებით.

.