Pages

Tuesday, August 28, 2012

Paloma Negra


paloma negra















 
ნაწნავად აკეცილი თმა და აკეცილი ფეხები. 
გრძელი თითები. 
სიგარეტს არ ვეწევი, არადა მისწრება იქნებოდა ახლა, რომ ვეწეოდე, სიგარას მაინც.
მარტო ვარ სახლში, მარტო მე და ჩაველა. 
ჩემი ბებერი, ტკბილი, ხრინწიანი ჩაველა. მოვიდა ჩემთან და მიყვება თავის გულისშემძვრელ ისტორიებს. მე არაფერი მესმის ამ ესპანურის, თუმცა ჩაველასი მესმის. 
ან იმას ჩემი, ასე რომ არ იყოს, აბა რატომ მიმღერდა ზუსტად იმას და ისე, რაც სულს ასე დამიკაწრავდა. ასე როგორ ყველაფერი იცის მეთქი, მერე ვფიქრობ, ჩემზეც, ყველაზეც..
ვსხედვართ ახლა ჩემს აივანზე და არც აქ, ალბათ არც მექსიკაში, ნიავი არ იძვრის სიცხისგან შეგუბებულ ღამეში. 

მე, ჩაველა და წითელი ღვინო. 

ვფიქრობ, მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს ასეთი, როგორ გეღვრება უსინდისოდ ძარღვებში, გულს გიკუმშავს, როგორ დაუკითხავად ასეთი შენი ხდება. 

სიმღერას რომ დაიწყებს, და როგორ დაიწყებს ხოლმე, ეს სიფრიფანა ჩაველიტა, აჩერებს ამ ჯიუტად მიმავალ დროს, აშეშებს, აჯადოებს.

რა უნდოდა, ჩემი ცხოვრება მაქვს საცხოვრები, ამან კიდევ ჩამკიდა ხელი, მომწყვიტა ჩემ თავს და დამახეტალებს თვალებახვეულს, თავის ტკივილიან, მზისგან გახუნებულ ქვეყანაში. 
მიყვები და უღმერთოდ ტირიხარ, ამას კიდევ გულში ყავხარ ჩაკრული, თავზე გისვამს თავის გრძელ თითებს და თავისივე ცრემლებით გიხორცებს დაწიწკნილ სულს. 

მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს, ასეთი, აგაფრენს და მერე მიწაზე დაგანარცხებს. და მერე საერთოდ  საკუთარ თავს გადაგავიწყებს. 
სუნთქვას მავიწყებს, გულს მიჩერებს ჩაველას ხმა. თვითონ ალბათ არ უნდა, მაგრამ არ გამოსდის სხვანაირად, ჩაველა ასეთია, და ამიტომ.