Pages

Tuesday, November 27, 2012

მშვიდი დღეები


ზაფხულის დასვენების მერე, ჯერ საშემოდგომოდ გადავდე ჩემი მორჩენილი შვებულება, მერე საზამთროდ გადამედო თავისდაუნებურად, და საბოლოოდ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, ძალიან გადაღლილი ვარ და რაც არ უნდა მოხდეს მე 2 კვირაში 2 კვირიან შვებულებაში ვიქნები <3

ისე ბანალურად ვაპირებ ამ 2 კვირის გატარებას, რომ რა გითხრათ : )) წიგნები და ფილმები <3 თან რამდენიმე მაინც ისეთი გემრიელი წიგნი, და ისეთი ფილმი მელოდება, რომ ბანალურობა კი არა, სულ უცნობი ემოციებით გავივსები.

კი, შებინდებისას ფანჯრებში ანთებულ სინათლეებსაც შევხედავ, ყველა ფანჯარას თავისი მფლობელი რომ ჰყავდა, თავისი ისტორიებით, ბევრი თავისუფალი დრო რომ მქონდა, მაშინ  : )
























მეტი არაფერი : )
სახლში თბილად ჯდომა, ”კარმასთან” მიდგმული სავარძელი, ლეპტოპი და წიგნები : ) ამ ყველაფერს კიდევ ტკბილ ლუკმად კვირას ”სუპერის” ბოლო ტური აგვირგვინებს <3

სიურპრიზებს ამ დასვენებისას არ ველოდები : ) მშვიდად უნდა გავატარო ეს დღეები. სიურპრიზები საახალწლოდ იყოს, თუ მაინცდამაინც  : ))

უი, საახალწლო ნაძვისხის იდეები მაქვს : ))) თუ გამომივიდა განახებთ..


Friday, November 16, 2012

გოგონებს : )


რომელ მშობელს არ უნდა მისი შვილი განსაკუთრებული, ლამაზი, ნიჭიერი, გონიერი იყოს?
რომელი მშობელი არ გაიღებს ყველაფერს, რომ საკუთარ შვილს საუკეთსო განათლება მისცეს, კარგად ჩააცვას, და საერთოდ, მისცეს ყველაფერი საუკეთესო, ჩამოაყალიბოს სრულფასოვან პიროვნებად?

რომ ვთქვათ, არაფერი მოაკლოს..

ამ ყველაფერზე ზრუნვას, მშობლები, შვილის გაჩენისთანავე იწყებენ.

აი აქ, კი, მივუახლოვდით ჩვენს საკვანძო თემას:

ყველა დედამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვზე ზრუნვა არა მის დაბადებისთანავე, არამედ მის ჩასახვამდე უნდა დაიწყოს. ზრუნვა ბევრ რამეში გამოიხატება, იქნება ეს ასაკის შესაბამისი სათამოაშოების შერჩევა, მშვიდი მუსიკის მოსმენა, ფსიქოლოგიური მომადება, თუ ათასი სხვა რამ, მათვარი ერთია: მომავალი პატარა არსების ჯანმრთელობა, ფიზიკური და გონებრივი გავითარებულობა.
რამ შეიძლებ ამას ხელი შეუშალოს?

ბევრმა მიზეზმა. ზოგის კონტროლი მედიცინას ჯერ არ შეუძლია, მაგრამ ერთერთი მიზეზი, რომელსაც ძალიან სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს, და რისი თავიდან აცილებაც უკვე შეგვიძლია, ნებისმიერ მომავალ დედას ხელეწიფება, ძალიან მარტივად გასახორციელებელია, ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას და რკინის დეფიციტის შევსებაა.
ყველა მომავალმა დედამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ზემოთ აღნიშნული ამ ნივთიერებების ნაკლებობა ნაყოფში, ნაყოფის განვითარების შეფერხებას იწვევს..
თუ მხოლოდ ესაა საკმარისი, რომ განვითარების ანომალიების დიდი წილი ავაცილოთ თავიდან  ნაყოფს, მაშინ, რატომ არ უნდა დავიწყოთ ჯერ კიდევ შვილის ჩასახვამდე მისთვის ყველაფრის გაკეთბა და ყველაფერი საუკეთსოს მიცემა დაუნანებლად. ამ შემთხვევაში, კი ყველაფრის გაკეთება იმდენად მცირე ძალისხმევას ითხოვს ჩვენგან, რომ დაუშვებელია უარი ვთქვათ მედიკოსების მიერ მოწოდებულ და კვლევებით დამტკიცებულ გარანტიებზე.

დაიმახსოვრეთ, რომ შვილზე ზრუნვა, მის ჩასახვამდე იწყება. თუ გინდათ თავდაჯერებულად თქვათ, რომ ყველაფერი გაკეთებული გაქვთ თქვენი შვილისთვის, მისი საუკეთსო მომავლისთვის და სრულფასოვან ადამიანად ქცევისთვის, შეასრულეთ ეს სრულიად მარტივი პრევენციული ღონისძიება. შეგახსენებთ, რომ ფოლიუმის მჟავას და რკინის მიღება დაორსულებამდე ერთი თვით ადრე მაინც უნდა დაიწყოთ,
მედიცინას ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხი შესასწავლი და გამოსაკვლევი აქვს, მაგრამ რაც უკვე დამტკიცებულია, იმას მაინც ნუ ავუვლით გვერდს უყურადღებოდ და გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ.

შენიშვნა: პოსტი წარმოადგენს საკონკურსო სტატიასრომელიც ხორციელდება .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული კამპანიის ფარგლებში.

Tuesday, August 28, 2012

Paloma Negra


paloma negra















 
ნაწნავად აკეცილი თმა და აკეცილი ფეხები. 
გრძელი თითები. 
სიგარეტს არ ვეწევი, არადა მისწრება იქნებოდა ახლა, რომ ვეწეოდე, სიგარას მაინც.
მარტო ვარ სახლში, მარტო მე და ჩაველა. 
ჩემი ბებერი, ტკბილი, ხრინწიანი ჩაველა. მოვიდა ჩემთან და მიყვება თავის გულისშემძვრელ ისტორიებს. მე არაფერი მესმის ამ ესპანურის, თუმცა ჩაველასი მესმის. 
ან იმას ჩემი, ასე რომ არ იყოს, აბა რატომ მიმღერდა ზუსტად იმას და ისე, რაც სულს ასე დამიკაწრავდა. ასე როგორ ყველაფერი იცის მეთქი, მერე ვფიქრობ, ჩემზეც, ყველაზეც..
ვსხედვართ ახლა ჩემს აივანზე და არც აქ, ალბათ არც მექსიკაში, ნიავი არ იძვრის სიცხისგან შეგუბებულ ღამეში. 

მე, ჩაველა და წითელი ღვინო. 

ვფიქრობ, მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს ასეთი, როგორ გეღვრება უსინდისოდ ძარღვებში, გულს გიკუმშავს, როგორ დაუკითხავად ასეთი შენი ხდება. 

სიმღერას რომ დაიწყებს, და როგორ დაიწყებს ხოლმე, ეს სიფრიფანა ჩაველიტა, აჩერებს ამ ჯიუტად მიმავალ დროს, აშეშებს, აჯადოებს.

რა უნდოდა, ჩემი ცხოვრება მაქვს საცხოვრები, ამან კიდევ ჩამკიდა ხელი, მომწყვიტა ჩემ თავს და დამახეტალებს თვალებახვეულს, თავის ტკივილიან, მზისგან გახუნებულ ქვეყანაში. 
მიყვები და უღმერთოდ ტირიხარ, ამას კიდევ გულში ყავხარ ჩაკრული, თავზე გისვამს თავის გრძელ თითებს და თავისივე ცრემლებით გიხორცებს დაწიწკნილ სულს. 

მაინც რა ხმა აქვს ამ ქალს, ასეთი, აგაფრენს და მერე მიწაზე დაგანარცხებს. და მერე საერთოდ  საკუთარ თავს გადაგავიწყებს. 
სუნთქვას მავიწყებს, გულს მიჩერებს ჩაველას ხმა. თვითონ ალბათ არ უნდა, მაგრამ არ გამოსდის სხვანაირად, ჩაველა ასეთია, და ამიტომ. 


Sunday, August 26, 2012

დღესასწაულები


 
















შენ გეშინია, მე კი მშვიდად ვარ და გელოდები.  
მე უკვე საკუთარ კანზე, სათითაოდ ყველა უჯრედზე, განცდილი მაქვს ეს ყველაფერი, რაც ახლა შენ ასე გაშინებს და მინდა, რომ ჩაგეხუტო მაგრად, ძალიან მაგრად და გითხრა, რომ ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად იქნება. არა, ისევ ისე არა, როგორც აქამდე იცოდი, მაგრამ სხვანაირად კარგად. 
კიდევ, იმასაც გეტყვი, რომ დიახ, ის დაბადების დღეები, ადრე რომ გიხაროდა, ახლა თვითონაც რომ არ იცი და ვერც ხვდები რატომ, გაშინებს და ყველა დღეზე მეტად რაღაცნაირად გასევდიანებს, ჩვეულებრივი დღეები გახდება და ამასაც შეეჩვევი.
რომ ახალი წლის მოსვლა, ფეიერვერკებით და ამბებით, სულ აღარ აგამსუბუქებს და ეგეც ერთი ჩვეულებრივი დღე გახდება. 

და მიხვდები მერე, რომ სხვისი შექმნილი დღესასწაულები სულაც არ ყოფილან ნამდვილები და სინამდვილეში, ყველა ადამიანი თავის სასწაულ დღეს თვითონ ირჩევს. და მერე გრძნობ, რომ ნელ-ნელა, ერთი ჩვეულებრივი 5 თებერვალი, ყველაზე საოცარი დღე ხდება შენთვის და აქამდე თურმე, ამ დღეს ელოდებოდი, სასწაულად რომ აგერჩია : ) 

ასეა, მე უკვე ჩემი დღესასწაულები მაქვს და ვერცერთი აი ის სავალდებულო, სახეზე 
გულიანღიმილმიწსაწებებელი დღესასწაულები, ვეღარ მივა ჩემთვის და ჩემით ნაპოვნ 
ვარდისფერ დღეებთან.


Monday, July 2, 2012

ნუ!

მეშინია.
მეშინია.
მეშინია. 
რა შეგრძნებაა.. გადაღლილობის ბრალია ალბათ, მეტი არ ვიცი. მაგრამ მეშინია. 
აფორიაქებული ვარ. 
და ეს შეგრძნება, 
დამავიწყდა თავი როგორ დავიმშვიდო.. ადრე გამომდიოდა, 
ესეც დამავიწყდა, ესეც გადაღლილობის ბრალი იქნება. 
ერთი სული მაქვს რაჭაში წავიდე, გამოვრთო ყველაფერი, გადავიფარო ხეების ჩრდილები და მწვანე ფოთლები და დავიძინო. გამოვიძინო. მერე გავიღვიძო და დავისვენო, მერე უსაქმურობით და სუფთა ჰაერით დავიღალო. 
მაგრამ მეშინია, რომ ვერც წელს, ისე როგორც შარშან, ვერ დავისვენებ. და გამოქცევაზე ვიქნები ისევ.. 
და მერეც შემეშინდება. 
ეს ორი კვირაც შემეშინდება,
პატარა რომ ვიყავი, ერთხელ ჩიტი შემოფრინდა ოთახში, ღამით. მარტო ვიწექი და ვიძინებდი და პატარა, აფართხალებული, დაბნეული ჩიტი შემომიფრინდა. 
საშინლად შემეშინდა, მაშინ, აი ფეხები მეკვეთებოდა და ვერ ვდგებოდი, და ვერც ვტიროდი, დავიყვირე და კიდევ კარგი გაიგეს და დედა და მამა შემოვიდნენ. ის ჩიტი კი გაუშვეს, მაგრამ მე ისევ ისე ვიყავი, თვალებგაფართოებული და აკანკალებული. 
და მერე მახსოვს მარტო ბებო, 
ჩახუტებული ვყავდი და მეფერებოდა, გულზე ხელს მისმევდა და ტკბილად, უტკბილესად მიღიმოდა და თბილად, უთბილესად მეჩურჩულებოდა:
-შიში გაუშვი, შიში გაუშვი ანუკი, შიში გაუშვი..

მეც ავდგები, ჩანთებს ჩავალაგებ და 3 კვირაში ჩემ ბებოსთან წავალ.
უნდა ჩავეხუტო!