Pages

Monday, July 2, 2012

ნუ!

მეშინია.
მეშინია.
მეშინია. 
რა შეგრძნებაა.. გადაღლილობის ბრალია ალბათ, მეტი არ ვიცი. მაგრამ მეშინია. 
აფორიაქებული ვარ. 
და ეს შეგრძნება, 
დამავიწყდა თავი როგორ დავიმშვიდო.. ადრე გამომდიოდა, 
ესეც დამავიწყდა, ესეც გადაღლილობის ბრალი იქნება. 
ერთი სული მაქვს რაჭაში წავიდე, გამოვრთო ყველაფერი, გადავიფარო ხეების ჩრდილები და მწვანე ფოთლები და დავიძინო. გამოვიძინო. მერე გავიღვიძო და დავისვენო, მერე უსაქმურობით და სუფთა ჰაერით დავიღალო. 
მაგრამ მეშინია, რომ ვერც წელს, ისე როგორც შარშან, ვერ დავისვენებ. და გამოქცევაზე ვიქნები ისევ.. 
და მერეც შემეშინდება. 
ეს ორი კვირაც შემეშინდება,
პატარა რომ ვიყავი, ერთხელ ჩიტი შემოფრინდა ოთახში, ღამით. მარტო ვიწექი და ვიძინებდი და პატარა, აფართხალებული, დაბნეული ჩიტი შემომიფრინდა. 
საშინლად შემეშინდა, მაშინ, აი ფეხები მეკვეთებოდა და ვერ ვდგებოდი, და ვერც ვტიროდი, დავიყვირე და კიდევ კარგი გაიგეს და დედა და მამა შემოვიდნენ. ის ჩიტი კი გაუშვეს, მაგრამ მე ისევ ისე ვიყავი, თვალებგაფართოებული და აკანკალებული. 
და მერე მახსოვს მარტო ბებო, 
ჩახუტებული ვყავდი და მეფერებოდა, გულზე ხელს მისმევდა და ტკბილად, უტკბილესად მიღიმოდა და თბილად, უთბილესად მეჩურჩულებოდა:
-შიში გაუშვი, შიში გაუშვი ანუკი, შიში გაუშვი..

მეც ავდგები, ჩანთებს ჩავალაგებ და 3 კვირაში ჩემ ბებოსთან წავალ.
უნდა ჩავეხუტო!