Pages

Thursday, February 20, 2014

რას ვაკეთებ აქ

რაც ოლბანიში ჩამოვედი, გარდა იმისა, რომ ღამე არ მძინავს მგონი არაფერზე დამიწერია : )
არადა, ეს ერთადერთია რაც მაწუხებს, სხვა ყველაფერი ისეა, როგორც ვისურვებდი.
მაინც, რას ვაკეთებ აქ:
ვსწავლობ. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ყოველდღე ლექციები, პარასკევიდან კვირამდე დასვენება. დავალება იმდენია და ამინდის ისეთი ცივი, ჯერ ამ ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა გაზაფხულისთვის უკვე დიდი გეგმები გვაქვს! : )
დავდივარ მაღაზიებში. ბევრს არაფერს ვყიდულობ, აქაც გაზაფხულს ველოდები ალბათ, და კიდევ მაფიქრებს აქედან როგორ უნდა წამოვიღო 1 ჩემოდანზე მეტი.. მაგრამ თვითონ ეს პროცესი, დიდი სავაჭრო ცენტრებში ხეტიალი მიყვარს.
არ ვაკეთებ საჭმელს, ან ძალიან იშვიათად, რაც ასევე მაწუხებს, და გამოსწორებას ვაპირებ. რატომაც არა, დრო მაქვს, შესაძლებლობაც რომ ჯანსაღი პროდუქტი ვიყიდო და მოვამზადო. უბრალოდ მაინც მიუჩვეველი ვარ : ))
ვერ ვუყურებ ფილმებს. მხოლოდ კინოთეატრში. რაც მართლა კარგია, დრო არ მეხარჯება. საქართველო ინფორმაციის მოპოვების მხრივ სამოთხეა. აქ იუთუბზე ლინკები ან აკრძალულია და არ გიჩვენებს, ან ფულს იხდი ნებისმიერი ფილმის ნახვაში. გარდა ძველი რუსული ფილმების : )) სამაგიეროდ გმაოგვაქვს მე და პოლინას ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წლის წინანდელი, გემრიელი ფილმები და "movie night"-ებს ვაწყობთ, სხვა ბავშვებთან ერთად. ახალ ფილმებს თბილისში ჩასვლამდე დავემშვიდობე : )
ვიწერ  ნივთებს ამაზონიდან და სხვა საიტებიდან. ძალიან მოსახერხებელია. მითუმეტეს თუ წიგნს ყიდულობ და თუ ეს წიგნი ახალი არაა, საოცარ ფასად შეგიძლია გადააწყდე რამეს.
ვიღებ ფოტოებს. რისთვისაც, ვისურვებდი მეტი დრო მქონიდა, იმიტომ რომ ჩემი ახალი, უსაყვარლესი ნიკონი დ3200 მიდევს ოთახში და ვერ ვიყენებ ისე ხშირად, როგორც მას და მე მინდა. დრო არ მაქვს იმდენი..
რაც მთავარია: დავიწყე ვარჯიში. ინტენსიურად. აუზზე სიარულით. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. იმდენად სასიამოვნო ცვლილებაა ჩემ ცხოვრებაში, რომ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს და დეტალურად მოვყვები. : )
ყოველ დილით ვსვამ სტარბაქსის ყავას : )) შაბლონურია, ამერიკაში. თქვენ წარმოიდგენთ, რომ ყოველ დილით შევრბივარ კაფეში, ვუკვეთავ ყავას და აჩქარებული ნაბიჯებით, ქაღალდის take away ჭიქით ხელში, გამოვდივარ. არადა, ყავას ვყიდულობთ და სახლში ვხარშავთ. უგემრიელესი გამოდის : ) უკვე გავსინჯეთ ჩვეულებრივი მედიუმი, ყავა სუმატრიდან (ჩემი საყვარელი), და French roast - ი. თუმცა თუ ლექცია ძალიან ადრე გვეწყება და მთელი დღე იქ გვიწევს ყოფნა, მრავალჯერადი თანსატარებელი ჭიქების გამოყენება მაინც გვიწევს : ) არის რაღაც რომანტიკა ამაში.
მივეჯაჭვე ინტერნეტს. მითუმეტეს ამ დღეებში, რაც უკრაინაში არეულობაა. ისედაც ეს განწყობა მექნებოდა, მაგრამ ჯგუფელები გვყავს, ძალიან საყვარელი იულია და როქსალანა, კიევიდან და ლვოვიდან არიან და რომ ვუყურებ, თავს ვალდებულად ვგრძნობ რამით გავამხნევო. ისეთი გაფითრებულები და სევდიანები დადიან რომ არ შეიძლება გულთან უფრო ახლოს არ მიიტანო მთელი ეს საშინელება. ჩემი, გიორგის და პოლინას გარდა, არავინ არ იცის ამერიკაში რამე თუ ხდება უკრაინაში. საერთოდ არაფერი ადარდებთ. ერთადერთმა ლექტორმა დაიწყო ლექცია სიტყვებით, რომ რაც ხდება რა საშინელებაა და იმედია, ყველაფერი კარგად დამთვრდება და წარმოუდგენია რას რძნობენ ეს გოგოები. ეს ლექტორი ყველაზე კარგია ისედაც, და გაცილებით ამაღლდა ჩემ თვალში. ბოლოსდაბოლოს, ამერიკის გარდაც აინტერესებს სხვა ადამიანები.
პ.ს. და ბოლოს ვაკეთებ იმას, რომ ველოდები გაზაფხულს და მიუხედავად ყველაფრისა, მენატრება საქართველოში დატოვებული ადამიანები : )
რა თქმა უნდა, კიდევ არის უამრავი დეტალი, რაც აქ ყოფნას, აქ ყოფნად აქცევს, ეგზოტიკური და უცხოა, მინდა თუ არ მინდა, მცვლის მე, და თუ დრო მექნა ჩამოსათვლელად, თქვენც მოგიყვებით.