Pages

Sunday, May 17, 2015

სამიოდ საკითხი..

შეიძლება შორიდან უფრო მძაფრად აღვიქვამ, შეიძლება საინფორმაციო წყაროები აბუქებენ, შეიძლება მართლა უარესდება მდგოამრეობა თბილისში, ჩემი მეგობრების Facebook სტატუსებს თუ ვენდობი. მაგრამ არის რამდენიმე საკითხი რომელიც განსაკუთრებით მაღელვებს და თან რეალურად დიდ რობლემად ვთვლი საზოგადოებისთვის და საზოგადოებისგან.
#1. დღევანდელი დღე, 17 მაისი. წინა წლების გამოცდილებიდან დიდი რისკი იყო, რომ წელსაც მსგავსი განუკითხაობა იქნებოდა. რა თქმა უნდა ვღელავდი და აქ რომ მეთქვა ვინმესთნ კი მაგრამ რატომ, სასაცილოდ არ ეყოფოდათ ალბათ, მოსალოდნელი აქციის დარბევის მეშინია, იმიტომ რომ ჰომოფობი ერი ვართ მეთქი.
მიხარია, რომ არავინ დაშავდა, და მიუხედავად გასაიდუმლოებული ადგილისა, ვთვლი, რომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი იყო და რაც მთავარია მშვიდობიანად ჩატარდა, რაც საჭირო იყო რომ ჩატარებულიყო - მშვიდობიანი აქცია. #IDAHO.
#2. გამწვანება თბილისში. მოჭრილი ხეები, და სიმწვანის გაქრობა. ისევ ამ გადმოსახედიდან, სადაც ყველა ხეს უფრთხილდებიან, თითო ნერგს და ბალახს. სადაც ყველაფერი მწვანეა ირგვლივ, დიახ, ქალაქის ცენტრიც! სადაც კოლეჯებია, იქ ხომ საერთოდ, ეზოები ისეა მოვლილი და გამწვანებული, როგორც ერთმა ჩემმა მეგობამა თქვა, მთელი დღე იქ ჯდომა და მწვანე მდელოებზე მეცადინეობა მოგინდება.
თბილისში ადგილი აღარ იქნება, სადაც შეიძლება სიმწვანეში დაჯდე და დაისვენო, ან ცოტა გაისეირნო, ზაფხულში უფრო გრილად იყო, სუფთა ჰაერი ისუნთქო-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ, როგორც ვატყობ, ეს სიტყვები აღარავის ახსოვს რას ნიშნავს..
#3. ც-ჰეპატიტის პროგრამა და გავრცელებული უშინაარსო, პროვოკაციული სტატიები, სადაც ადამიანებს, რომელთა ბოლო იმედი არის ეს პროგრამა, და ამოისუნთქეს, გამოჯანმრთელების რეალური შანსი მიეცათ, ვიღაც ავტორები გამალებით უჩიჩინებენ, რომ საცდელი, ლაბორატორიის ვირთხები არიან და სახელმწიფო ატყუებთ. დაინტერესებულხართ რეალურად ამ პაციენტების ბედით? რომელიც წამალს იღებს იმედით, რომ ხსნა მოვიდა, თქვენ კი უწამლავთ მომავალს, რომ არც განიკურნება და / ან უარესი დაემართება. წამალს იღებს და თან ფიქრობს რომ რაღაც არნახულ შხამს სვამს. ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ რას აკეთებთ როცა ამდენ გადაუმოწმებელ პროვოკაციულ ტექსტს აშეარებთ და აქვეყნებთ?
ეს ძალიან მოკლედ, მხოლოდ სამიოდ საკითხზე, თუმცა პრობლემები გაცილებით მეტია, სამწუხაროდ.

Thursday, April 23, 2015

გოგოების ოთახი

რაჭაში, ბავშვობაში რომელ ოთახშიც მეძინა ხოლმე, ერთი ფანჯარა ჰქონდა, აღმოსავლეთით. გოგოებს ოთახი. ჩემი, ქეთის და მარის. მე და ქეთის საწოლები გვერდიგვერდ, მარის ჩვენს პირდაპირ იდგა. დილით მზე ალბათ ასე 8 საათისთვის ამოდიოდა. ამ დროს ბებოს უკვე ეღვიძა და ძროხებთან მიდიოდა, ბაბუასაც ეღვიძა და ემირი ძიასაც. ჩვენ ცოტა უფრო გვიან ვიღვიძებდით, ჯერ მარი, მერე მე, მერე ქეთი. გიოს სხვა ოთახში ეძინა და როგორც წესი, სხვადასხვა დროს აღვიძებდნენ, იმის მიხედვით, მისი დახმარება საჭირო იყო თუ არა.
ჩვენი ოთახის ფანჯარა თეთრ ჩარჩოიანია, ძნელად იკეტება და ქარის დროს ჯახუნობს. ისე მთელი ზაფხული ღიაა და ეზოდან ბაღისკენ და მდინარისკენ მიმავალ, სახლის გაყოლებაზე გაწოლილ ბილიკს უყურებს. მარტო წვიმის დროს, ან ბაბუა როცა თაფლს იღებს მაშინ ვკეტავთ, ფუტკრები არ შემოვიდნენ.
აქ ოქსფორდშიც ჩემი და თორნიკეს საძინებლის ფანჯარა აღმოსავლეთით, საწოლის მარცხენა მხარესაა და ეზოს უყურებს. მე, კი, უფრო და უფრო ხშირად მესიზმრება რაჭა ზაფხულში.
ალბათ ყველაზე კარგი დილები იყო.
ძილ ბურანში ხედავ, ფანჯრიდან შემოსული მზე, წითლად შეღებილ ხის იატაკზე, თეთრი, გახამებული ფარდის თარგს იმეორებს. გარედან ზაფხულის და ბებოს და ემირი ძიას ხმები შემოდის, რომლებიც რაღაცაზე ბჭობენ, ბაღიდან მოდიან, ვერ ხვდები რაზე ლაპარაკობენ, მარტო ხმები ისმის, სიტყვები - არა. მერე ნელნელა უახლოვდებიან ფანჯარას, როგორც ჩანს სათიბში ღობეა გასამაგრებელი, ან ბევრი მზისგან მოსავალი კარგი არ მოვა და ბაღი უნდა მორწყან, ან ჩვენი ძროხა ურჩობს და რამე უნდა უშველონ. მერე ბებია ზუსტად ჩვენ ფანჯარასთან ჩამორჩება (აღმართია) ცოტათი, რაღაცას ისევ ელაპარაკება ბიძაჩემს, სახლის კუთხიდან კი ონკანის მოშვების ხმა და ემირი ძიას სიცილი ისმის.
ბებია უკვე სახლშია, მოწესრიგდება და საუზმეს გააკეთებს, ბაბუა, ისე რომ არად აგდებს იმას, რომ გვძინავს, ხმამაღლა კითხულობს საუზმე რამდენ ხანში იქნება, რამდენჯერმე, ჩვენ ფანჯარასთან. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურად :დ
ეს ნიშნავს რომ ჩვენც უნდა ავდგეთ, წამოვიზლაზნოთ, ჩავიცვათ, ხელ-პირი დავიბანოთ, ვისაუზმოთ, მერე ყავა ან ცხელი კაკაო დავლიოთ ეზოში, ისევ გამოვიცვალოთ და მდინარეზე წავიდეთ, ლამის მთელი დღით..
ძალიან დატვირთული დღეები.
რაჭა ვეღარასდროს ვეღარ იქნება ისეთი, როგორც მაშინ, ჩვენ რომ პატარები და ემირი ძია და ბებია ცოცხლები იყვნენ. როცა ემირი ძიას მივყავდი სოფელში და იქ გიო მელოდებოდა. გზაში ტვინს ვუბურღავდი ხოლმე, ბიძაჩემი კიდევ სიცილით კვდებოდა რამდენი ლაპარაკი შემეძლო. ვეღარ გადავცურავთ ადიდებულ, გზაზე გადმოსულ შაორს ერთად, თვისი ძველი ჟიგულით და ვეღარც ყბაყურას გადავდებ, კონსპირაციულად რომ გავიპარე რაჭაში და ეზოში ფეხის შედგმისთანავე სიხცემ ამიწია. ყბაყურა კი, ბებოს და გიოს გარდა, (რომელიც სანამ მე ყბაყურა არ მოვიხადე, არც თვითონ ბანაობდა მდინარეში), მართლა მთელ ოჯახს გადავდე )))
არც ბებია დამხვდება, ნამგზავრებს, ახლად გამომცხვარ ლობიანებს, ცხელ ფელამუშს და ხორციან კერძს (ასე ეძახდა) არ დაგვახვედრებს. მერე აგვწონს და გვეტყვის, არ დავინახო 3 კილო არ მოიმატოთ აქ ყოფნაშიო. მერე მთელი ზაფხული, სულ ბოლო წლებამდე, თავს სულ პატარა ბავშვად გაგრძნობინებს, რომლის მთავარი მოვალეობა კარგად ჭამა და ყველაფერში მიხმარებაა.
მაგრამ ამის მიუხედავად, ვიცი, რომ ჩვენ სულ ვიქნებით იქ, ბედნიერები. ნატუკა, დათუჩა და ეკა, ჩვენ გვერდით იცხოვრებენ, ყველაზე მოკლე გზა ვაჟასთან და ნინოსთან (და ახლა უკვე პატარა ნიკოლოზთან <3) მისასვლელად ყველაზე მოკლე გზა, ნატას ეზოზე გადასვლა იქნება. გზის გადაღმა, ყველაზე გემრიელი საადრეო ვაშლები ისევ ჯონდოს ექნება და ისევ არასდროს გაგვიბრაზდება მთელი ზაფხული ამ ხეებზე ჯდომისთვის. მე და ნატაზე, ალბათ სულ ბებრები რომ ვიქნებით, მაშინაც გაიცინებენ, როცა ვიტყვით რომ კრიხში უნდა ავიდეთ, ბიბლიოთეკაში :დ ხოტეურას ხიდი, ისევ ყოველთვის იქნება ჩვენი ადგილი, სადაც მოაჯირზე უკუღმა თუ გადაეკიდები, ცა ტყეებით შემოსაზღვრული ტბა გეგონება.
და ისევ ყოველთვის, ყოველთვის გაგვიხშირდება პულსი, ამ ხიდის დანახვაზე და მიახლოებაზე, ყოველთვის! იმიტომ რომ ვიცით, რომ ამ ხიდის იქით ჩვენი ბავშვობა და კიდევ ბევრი ბედნიერი წუთი გველოდება <3

Tuesday, November 11, 2014

tavitulle

Tavi Gevinson

პირველად 2010 წელს, ოთხი წლის წინ მაჩვენა მარიმ ერთი არაჩვეულებრივი, ტავი გევინსონის ბლოგი.
გენიალური გოგო, რომელიც ალბათ მაშინ 13 წლის იყო, ან 14ის? არ ვიცი, მაგრამ ჩემ წარმოსახვაში, მსოფლიოს განკარგულებაში არსებული ყველა აპლოდისმენტი დაიმსახურა.
მოკლედ, იმ დღიდან - აქამდე, ამ წუთმდე, რამე ინსპირაცია, ან არაჩვეულებრივის ნახვა, ან ახალი ემოცია თუ მჭირდებოდა ამ ბლოგზე შევდიოდი, დაგროვებული პოსტებს ვკითხულობდი/ვათვალიერებდი.
რას აკეთებს ასეთს? ტანსაცმელს იცმევს, თმას იკეთებს - არა, არა, ჩვეულებრივი Fashion blogger-ი არ გეგონოთ ; )  ამ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც არცერთი ჩვენგანი სკოლაში სიარულისას არც იცმევდა, არც ივარცხნიდა. ამ ბლოგის წაკითხვის მერე კი მოგინდებათ დაბრუნდეთ უკან, რომ იგივე ან უფრო გიჟური, ექსპრესიული და კრეატიული რამეები ჩაიდინოთ თქვენც ; )
ბოლო 2 წელია ალბათ ახალი პოსტები თითქმის არ აუტვირთავს და სამაგიეროდ თავისი ჟურნალი გააკეთა, თინეიჯერი გოგოებისთვის. შემოიკრიბა მეგობრები და კიდევ თვისნაირი, კრეატიული, განსხვავებული, არაშაბლონური "ტავები" და დაიწყო ძალიან მაგარი პროექტი Rookie Mag. (ესეც TED Talk Teen - ზე ვიდეო, როგორ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცოტა რამაა ტავის შესახებ, თან ეტყობა რომ ძალიან ღელავს ლაპარაკის დროს: ).
რა თქმა უნდა, ჯერ ონლაინ ჟურნალით დაიწყო ყველაფერი, რომელიც დღესაც გრძელდება და საბოლოოდ ნამდვილ, ქაღალდზე დაბეჭდილ ჟურნალად გადაიქცა <3
და რომელიც მგონია, რომ ერთერთი საუკეთესო, მისაბაძად გემოვნებიანი ჟურნალია დღეს.
ონლაინ და ბეჭდური ჟურნალიც თინეიჯერი გოგოებისთვისაა, რომლებიც "ჯერ ვერ გარკვეულან", მაგრამ სტატიებს და მითუმეტეს ფოტო ნამუშევრებს რომ ვათვალიერებ, უფრო დიდი გოგოებიც ; ) ვერაფერს დაუწუნებდნენ ამ პროექტს.
სხვათშორის, შემდეგი ნომრის გამოწერას ვაპირებ, როგორ კი გამოვა : ))

Tavi Gevinson


Saturday, September 27, 2014

ახალი ადგილი

ამ ზაფხულს, ბათუმში ყოფნისას, ჩემი მობილურის ნოუთებში ჩანაწერი გავაკეთე:
"ბათუმს ძველი ემოციების გემო აქვს. მე ახლები მჭირდება".
10 დღე გავიდა რაც აქ ვართ. აქ ანუ გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანეთში, ოქსფორდში. იმდენი შთაბეჭდილებები და ახალი ემოციები მაქვს, ზუსტად რამდენსაც ვნატრობდი, ან მეტი : ))
აქ რომ ლამაზია, მოწესრიგებულია, ტოლერანტული გარემოა და ძალიან ძვირი, ასეთი რამეები ყველამ იცის, მაგრამ ასეთი ტრადიციული მართლა თუ იქნებოდა ინგლისი, არც მინდოდა წარმომედგინა ეტყობა. : ))
მაგალითად, თორნიკეს კოლეჯის (Jesus College) ოფიციალური მიღება-ვახშმზე ვართ მიწვეული ოქტომბერში, დრეს-კოდი რომ მოვიდა გავოგნდი, რატომ იწუხებენ ადამიანები თავს ასეთი არასაჭირო დეტალებზე ყურადღების გამახვილებით. მუხლსქვემოთ კაბა, შემოსაცმელი მხოლოდ შავი, მამაკაცს სმოკინგი და აუცილებლად bow-tie თეთრი, ან შავი მხოლოდ : ) და ეს რაც დამამახსოვრდა, 15მდე მსგავსი პუნქტი. მაგრამ, მიმზიდველიც ალბათ ზუსტად იმის გამოა დიდი ბრიტანეთი, რომ ასე შეუპოვრად არ ივიწყებს თავის ტრადიციებს : ) ჩემთვის ცოტა არ იყოს და, მოჩვენებითი და ბუტაფორულია ეს განწყობა.
ცნობილი "ხიდი" და ტრადიციული წითელი ავტობუსი.
შემდეგ, ემოციების გარდა, რაც ამ ეტაპზე ნამდვლად უამრავი მაქვს, ნაცნობებია. ამდენი ადამიანი 1 კვირაში არ გამიცნია, არ მიკონტაქტია, არ მილაპარაკია ასე ჩქარა, ასე ყველაფერზე და მერე სახელები ჩუმად, გულში არ მიმეორებია რომ დამემახსოვრებინა.
260 ადამიანია თორნიკეს კლასში, რა თქმა უნდა ყველას არ ვიცნობ. კიდევ ცალკეა ამ ადამიანების მეუღლეები, პარტნიორები, საქმროები და საცოლეები და შვილები : )
მე გარდა იმისა, რომ ყოველ საღამოს პაბებში დავდივარ და ისევ და ისევ აქტიურად ვეკონტაქტები და ვიცნობ სხვადასხვა ადამიანს, კიდევ ვესწრები ასევე სპეციალურად "მეორე ნახევრებისთვის" განკუთვნის აქტივობებს, დეკანის მეუღლესთან სახლში ჩაის, შაბათს და ორშაბათს ყავაზე შეკრებებს და მარი იცინოდა, ნამდვილი დიპლომატის ცოლისავით ხარ მანდო : )) მალე საკუთარ ფონდს გახსნი და ქველმოქმედებით დაკავდებიო :დ მე კიდევ ვფიქრობ რომ ჩემი ბლოგის full-time job-ად გადაქცევაღა მაკლია ნამდვილ დიასახლისობამდე, ან თუ გნებავთ, ნამდვილ მანდილოსნობამდე : ))
კარგი, ეს მოსაწყენი და ოფიციალური ნაწილი რომ იქით იყოს, ვწერ თემას სამაგისტროში, დავდივარ ველოსიპედით ოქსფორდში, ვიღებ ფოტოებს და ვაპირებ ბევრ საინტერესო რამეს, სამსახურის დაწყებას, კლინიკაში სიარულს და წვიმიანი ამინდების დადგომამდე სულ გარეთ ყოფნას.

ტემზის ნაპირი
მითუმეტეს, რომ თორნიკეს რეჟმი საშინლად დაკავებულია, დილით 8:15-ზე არის ლექციაზე, საღამოს 8 საათმდე. ამ დროს უკვე მეც ვუერთდები სადმე პაბში გადანაცვლებულ სტუდენტებს და გვიან ღამე ვბრუნდებით სახლში. სხვათშორის, მაღლი ქუსლებით და მუხლებამდე კაბით ველოსიპედი მეტად თავდაჯერებულად დამყავს.

მეცინება, ახალი საცხოვრებელი ადგილებიდან პირველი პოსტი ძალიან-მიმოხილვა, ქრონიკასავით გამომდის ხოლმე, მაგრამ არაუშვს :დ


ეს მე : ) 
                                   


Monday, May 12, 2014

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი...

როცა სამიოდ დღე დამრჩენია საქართველოსკენ გამგზავრებამდე უფრო მეტად მინდება აქ ყოფნა. ერთი პატარა ქალაქია ეს ოლბანი, ერთი პლიუსი ის აქვს რომ ნიუ-იორკთანაა ახლო და ხშირად შეგიძლია იქ ჩასვლა. ჩვეულებრივი ამერიკული სახლები დგას, საბოლოო ჯამში ერთნაირი და ერთმანეთისგან რაღაც დეტალებით განსხვავებულები. ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, პარასკევი და შაბათი საღამოები რომ აქვთ თვისუფალი ისეთი და ჩვეულებრივი სისწრაფით მიდის დრო აქაც.


მოკლედ რომ მკითხოთ რა მოგენატრება და რატომ გენანება მანდაურობის დატოვებაო, ალბათ ემოციები და ახალი გამოცდილება-თავგადასავლები. სრულიად დამოუკიდებლობა და ორიოდ კვირის წინ მოსული გაზაფხული.
დღეს ორშაბათია, ხუთშაბათს უკვე მივდივარ. რაც მინდა ვაკეთო ერთი ისაა, რომ ვირბინო და კიდევ ერთხელ შემოვიარო ოლბანი და დავემშვიდობო.
მე ამას ვერ ვაკეთებ : ) დღეს ღამის 12 საათზე ერთი და ხვალ იგივე დროს მეორე გამოცდის დედლაინები მაქვს. მინდა თუ არა, ვზივარ და ვწერ 6 და 15 გვერდიან დავალებებს.
ხოდა ვიცი რომ ძალიან, ძალიან მომენატრება აქაურობა, ავდექი და ჩემი ოთახიდან გამოვედი, დავჯექი ვერანდაზე, მისაღებ კართან, ძალიან საყვარლად მოწყობილ, არცთუ ისე მყუდრო, მაგრამ მეცადინეობაში ხელს რომ არ შემიშლის ისეთზე. ვუყურებ ქუჩას და ეზოს. ცხელა. სულ მოკლემკლავიანი მაიკა მაცვია, ვსვამ ყავას (ბოლო ულიფა მოვხარშე), ეზოდან იასამნის სუნი მოდის ნიავი როცა დაუბერავს ხოლმე, და ვფიქრობ რომ თუ შემორბენა ვერ მოვასწარი, ასე მაინც დავემშვიდობები ამ ქალაქს, ვერანდიდან, მოწნული სავარძლიდან და ნოუთბუქით მუხლებზე.
ოთახში ჯდომას და წუწუნს ნამდვილად სჯობს. : )

Monday, May 5, 2014

უკუღმართი jet lag-ი

10 დღეში ამ დროს დეტროიდში ვიქნები, ან უკვე ჰაერში პარიზისკენ.
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ თბილისში და თან არ მინდა აქედან წასვლა, როცა მითუმეტეს, როგორც იქნა, გავიდა ეს ზამთარი და ცხოვრება საინტერესო გახდა.
ზეგ და მაზეგ გამოცდები მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი 2 გამოცდა. მერე 3 დღეში კიდევ თემები ჩასაბარებელი.
მეორე კვირაა ვეღარ ვმშვიდდები, ვერ მძინავს ნორმალურად და უსაშველოდ აფორიაქებული ვარ.
ხო, ვარ, იმიტომ რომ მგონია ვერაფერს მოვასწრებ, ვერ ჩავაბარებ კარგად გამოცდებს, ბარგი ჩაულაგებელი დამრჩება, აეროპორტში დამაგვიანდება, ნიუ-იორკში ქეთის სანახავად ჩასული უკან ჩამოსვლას ვერ მოვასწრებ, გამოსამშვიდობებელი საღამო აქ ბავშვებთან დასაგეგმი დამრჩება, გამოცდები მოსამზადებელი, ბარგი ჩასალაგებელი, ქეთი, გამოსამშვიდობებელი საღამო, გამოცდები, ჩალაგება...

რაც უნდა იყოს, დრო გადის და მინდა თუ არ მინდა, 10 დღეში ამ დროს, ან დეტროიდის აეროპორტში ვიქნები, ან უკვე ჰაერში - პარიზისკენ. და პარიზში 12 საათი რომ მიწევს ლოდინი თბილისისკენ ფრენამდე, იქნებ მაშინ მაინც ჩამეძინოს და დავისვენო : )



Tuesday, March 4, 2014

Cardio

"ზომბილენდი"-დან, წესი #1 ; ) 
ჩემი ფიზიკური აქტივობა, ბავშვობაში ცეკვის გარდა, რაჭაში დილაობით სირბილით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ აუზზე სიარულით და არასდროს ხდებოდა რეგულარული. 
ერთხელაც, 3-4 კვირის წინ, ძალიან გემრიელი წინადადება მივიღე - 14 თებერვლამდე თუ გაწევრიანდებოდი ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში, თან სტუდენტიც თუ აღმოჩნდებოდი, ყველაფერი ჩემ განკარგულებაში გადმოდიოდა, დილიდან საღმომდე. : ) ყველაფერში ვგულისხმობ აუზსს, ტრენაჟორების დარბაზს, ფიტნესის და ეგეთი მაიმუნობების გაკვეთილებს და იოგას. 
დამაინტერესა.
დრო მქონდა, თან ვინც შემომთავაზა, ის გოგო თვითონ დადის მანქანით თითქმის ყოველ დღე.
ხო და დავთანხმდი : ) 
მიზანი არ ყოფილა გახდომა, ზოგადად ფორმაში ჩადგომა, კუნთების გამოცოცხლება და ცოტა ფიზიკური დატვირთვისადმი შეგუება იყო. 
დავიწყე აუზით და სარბენი ბილიკით. და პირველი რაც გავაკეთე სარბენ ბილიკზე დავინიშნე დრო, სიჩქარე და ჩემი პულსი. 
საშინელი შედეგი მქონა, 2 წუთში მაქსიმუმი 4.0 სიჩქარეზე პულსი 167-მდე ავიდა და 5 წუთი დასჭირდა დარეგულირებულიყო. ჩემი თავის შემრცხვა მოკლედ : )) 
თუმცა გავაგრძელე, მეორე დღეს ფიტნესი, შემდეგ დღე ცურვა და ცოტა ტრენაჟორები, მერე იოგა და სუნთქვის ვარჯიშები და გავიდა 2 კვირა. და კვირის ბოლოს რაღაცების საყიდლად რომ წავედი, შორტების მოზომების დროს, ფეხებზე კუნთები მეტყობოდა. 
რომელიც ასე, ჩემი ბავშვობის დროინდელი ცეკვის მერე აღარ დამტყობია : ) 
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი, ამ 2 კვირის მერე, სარბენ ბილიკზე დადგომისას ვნახე! მომატებულ სიჩქარეზე (5,2მდე), 5 წუთის მერე, პულსი 151-ზე მაღლა არ ამსვლია. 
დარეგულირებას კი, როგორც კი ტემპს დავაგდებდი, მაშინვე იწყებდა. 
ვიდექი ამ სარბენ ბილიკზე გაბრწყინებული და ჩემი თავით აღტაცებული, ბევრი არა, სულ 15 წუთი ვირბინე, მაგრამ იმაზე არანაკლებ კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ჰუსეინ ბოლტი მსოფლიო რეკორდის დამყარების მერე :))))  
იმის მერე ცოტ-ცოტა კიდევ ვცდილობ გავაუმჯობესო მიღწევები, მაგრამ, რაც მთავარია, დავიწყე, უკვე 1 თვე გავა მალე და თითქმის ყოველ მეორე დღეს, რეგულარულად ვვარჯიშობ! 


მეტი რა, "ჩიკაგო"-ს ბილეთებს ვეძებდი ბროდვეიზე და კიდევ, თუ ყველაფერი კარგად იქნა, 14 მარტს აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობას ვიწყებთ.
მოკლედ, კარგად ვარ : )