Pages

Tuesday, November 11, 2014

tavitulle

Tavi Gevinson

პირველად 2010 წელს, ოთხი წლის წინ მაჩვენა მარიმ ერთი არაჩვეულებრივი, ტავი გევინსონის ბლოგი.
გენიალური გოგო, რომელიც ალბათ მაშინ 13 წლის იყო, ან 14ის? არ ვიცი, მაგრამ ჩემ წარმოსახვაში, მსოფლიოს განკარგულებაში არსებული ყველა აპლოდისმენტი დაიმსახურა.
მოკლედ, იმ დღიდან - აქამდე, ამ წუთმდე, რამე ინსპირაცია, ან არაჩვეულებრივის ნახვა, ან ახალი ემოცია თუ მჭირდებოდა ამ ბლოგზე შევდიოდი, დაგროვებული პოსტებს ვკითხულობდი/ვათვალიერებდი.
რას აკეთებს ასეთს? ტანსაცმელს იცმევს, თმას იკეთებს - არა, არა, ჩვეულებრივი Fashion blogger-ი არ გეგონოთ ; )  ამ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც არცერთი ჩვენგანი სკოლაში სიარულისას არც იცმევდა, არც ივარცხნიდა. ამ ბლოგის წაკითხვის მერე კი მოგინდებათ დაბრუნდეთ უკან, რომ იგივე ან უფრო გიჟური, ექსპრესიული და კრეატიული რამეები ჩაიდინოთ თქვენც ; )
ბოლო 2 წელია ალბათ ახალი პოსტები თითქმის არ აუტვირთავს და სამაგიეროდ თავისი ჟურნალი გააკეთა, თინეიჯერი გოგოებისთვის. შემოიკრიბა მეგობრები და კიდევ თვისნაირი, კრეატიული, განსხვავებული, არაშაბლონური "ტავები" და დაიწყო ძალიან მაგარი პროექტი Rookie Mag. (ესეც TED Talk Teen - ზე ვიდეო, როგორ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან ცოტა რამაა ტავის შესახებ, თან ეტყობა რომ ძალიან ღელავს ლაპარაკის დროს: ).
რა თქმა უნდა, ჯერ ონლაინ ჟურნალით დაიწყო ყველაფერი, რომელიც დღესაც გრძელდება და საბოლოოდ ნამდვილ, ქაღალდზე დაბეჭდილ ჟურნალად გადაიქცა <3
და რომელიც მგონია, რომ ერთერთი საუკეთესო, მისაბაძად გემოვნებიანი ჟურნალია დღეს.
ონლაინ და ბეჭდური ჟურნალიც თინეიჯერი გოგოებისთვისაა, რომლებიც "ჯერ ვერ გარკვეულან", მაგრამ სტატიებს და მითუმეტეს ფოტო ნამუშევრებს რომ ვათვალიერებ, უფრო დიდი გოგოებიც ; ) ვერაფერს დაუწუნებდნენ ამ პროექტს.
სხვათშორის, შემდეგი ნომრის გამოწერას ვაპირებ, როგორ კი გამოვა : ))

Tavi Gevinson


Saturday, September 27, 2014

ახალი ადგილი

ამ ზაფხულს, ბათუმში ყოფნისას, ჩემი მობილურის ნოუთებში ჩანაწერი გავაკეთე:
"ბათუმს ძველი ემოციების გემო აქვს. მე ახლები მჭირდება".
10 დღე გავიდა რაც აქ ვართ. აქ ანუ გაერთიანებულ სამეფოში, ბრიტანეთში, ოქსფორდში. იმდენი შთაბეჭდილებები და ახალი ემოციები მაქვს, ზუსტად რამდენსაც ვნატრობდი, ან მეტი : ))
აქ რომ ლამაზია, მოწესრიგებულია, ტოლერანტული გარემოა და ძალიან ძვირი, ასეთი რამეები ყველამ იცის, მაგრამ ასეთი ტრადიციული მართლა თუ იქნებოდა ინგლისი, არც მინდოდა წარმომედგინა ეტყობა. : ))
მაგალითად, თორნიკეს კოლეჯის (Jesus College) ოფიციალური მიღება-ვახშმზე ვართ მიწვეული ოქტომბერში, დრეს-კოდი რომ მოვიდა გავოგნდი, რატომ იწუხებენ ადამიანები თავს ასეთი არასაჭირო დეტალებზე ყურადღების გამახვილებით. მუხლსქვემოთ კაბა, შემოსაცმელი მხოლოდ შავი, მამაკაცს სმოკინგი და აუცილებლად bow-tie თეთრი, ან შავი მხოლოდ : ) და ეს რაც დამამახსოვრდა, 15მდე მსგავსი პუნქტი. მაგრამ, მიმზიდველიც ალბათ ზუსტად იმის გამოა დიდი ბრიტანეთი, რომ ასე შეუპოვრად არ ივიწყებს თავის ტრადიციებს : ) ჩემთვის ცოტა არ იყოს და, მოჩვენებითი და ბუტაფორულია ეს განწყობა.
ცნობილი "ხიდი" და ტრადიციული წითელი ავტობუსი.
შემდეგ, ემოციების გარდა, რაც ამ ეტაპზე ნამდვლად უამრავი მაქვს, ნაცნობებია. ამდენი ადამიანი 1 კვირაში არ გამიცნია, არ მიკონტაქტია, არ მილაპარაკია ასე ჩქარა, ასე ყველაფერზე და მერე სახელები ჩუმად, გულში არ მიმეორებია რომ დამემახსოვრებინა.
260 ადამიანია თორნიკეს კლასში, რა თქმა უნდა ყველას არ ვიცნობ. კიდევ ცალკეა ამ ადამიანების მეუღლეები, პარტნიორები, საქმროები და საცოლეები და შვილები : )
მე გარდა იმისა, რომ ყოველ საღამოს პაბებში დავდივარ და ისევ და ისევ აქტიურად ვეკონტაქტები და ვიცნობ სხვადასხვა ადამიანს, კიდევ ვესწრები ასევე სპეციალურად "მეორე ნახევრებისთვის" განკუთვნის აქტივობებს, დეკანის მეუღლესთან სახლში ჩაის, შაბათს და ორშაბათს ყავაზე შეკრებებს და მარი იცინოდა, ნამდვილი დიპლომატის ცოლისავით ხარ მანდო : )) მალე საკუთარ ფონდს გახსნი და ქველმოქმედებით დაკავდებიო :დ მე კიდევ ვფიქრობ რომ ჩემი ბლოგის full-time job-ად გადაქცევაღა მაკლია ნამდვილ დიასახლისობამდე, ან თუ გნებავთ, ნამდვილ მანდილოსნობამდე : ))
კარგი, ეს მოსაწყენი და ოფიციალური ნაწილი რომ იქით იყოს, ვწერ თემას სამაგისტროში, დავდივარ ველოსიპედით ოქსფორდში, ვიღებ ფოტოებს და ვაპირებ ბევრ საინტერესო რამეს, სამსახურის დაწყებას, კლინიკაში სიარულს და წვიმიანი ამინდების დადგომამდე სულ გარეთ ყოფნას.

ტემზის ნაპირი
მითუმეტეს, რომ თორნიკეს რეჟმი საშინლად დაკავებულია, დილით 8:15-ზე არის ლექციაზე, საღამოს 8 საათმდე. ამ დროს უკვე მეც ვუერთდები სადმე პაბში გადანაცვლებულ სტუდენტებს და გვიან ღამე ვბრუნდებით სახლში. სხვათშორის, მაღლი ქუსლებით და მუხლებამდე კაბით ველოსიპედი მეტად თავდაჯერებულად დამყავს.

მეცინება, ახალი საცხოვრებელი ადგილებიდან პირველი პოსტი ძალიან-მიმოხილვა, ქრონიკასავით გამომდის ხოლმე, მაგრამ არაუშვს :დ


ეს მე : ) 
                                   


Monday, May 12, 2014

ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი...

როცა სამიოდ დღე დამრჩენია საქართველოსკენ გამგზავრებამდე უფრო მეტად მინდება აქ ყოფნა. ერთი პატარა ქალაქია ეს ოლბანი, ერთი პლიუსი ის აქვს რომ ნიუ-იორკთანაა ახლო და ხშირად შეგიძლია იქ ჩასვლა. ჩვეულებრივი ამერიკული სახლები დგას, საბოლოო ჯამში ერთნაირი და ერთმანეთისგან რაღაც დეტალებით განსხვავებულები. ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, პარასკევი და შაბათი საღამოები რომ აქვთ თვისუფალი ისეთი და ჩვეულებრივი სისწრაფით მიდის დრო აქაც.


მოკლედ რომ მკითხოთ რა მოგენატრება და რატომ გენანება მანდაურობის დატოვებაო, ალბათ ემოციები და ახალი გამოცდილება-თავგადასავლები. სრულიად დამოუკიდებლობა და ორიოდ კვირის წინ მოსული გაზაფხული.
დღეს ორშაბათია, ხუთშაბათს უკვე მივდივარ. რაც მინდა ვაკეთო ერთი ისაა, რომ ვირბინო და კიდევ ერთხელ შემოვიარო ოლბანი და დავემშვიდობო.
მე ამას ვერ ვაკეთებ : ) დღეს ღამის 12 საათზე ერთი და ხვალ იგივე დროს მეორე გამოცდის დედლაინები მაქვს. მინდა თუ არა, ვზივარ და ვწერ 6 და 15 გვერდიან დავალებებს.
ხოდა ვიცი რომ ძალიან, ძალიან მომენატრება აქაურობა, ავდექი და ჩემი ოთახიდან გამოვედი, დავჯექი ვერანდაზე, მისაღებ კართან, ძალიან საყვარლად მოწყობილ, არცთუ ისე მყუდრო, მაგრამ მეცადინეობაში ხელს რომ არ შემიშლის ისეთზე. ვუყურებ ქუჩას და ეზოს. ცხელა. სულ მოკლემკლავიანი მაიკა მაცვია, ვსვამ ყავას (ბოლო ულიფა მოვხარშე), ეზოდან იასამნის სუნი მოდის ნიავი როცა დაუბერავს ხოლმე, და ვფიქრობ რომ თუ შემორბენა ვერ მოვასწარი, ასე მაინც დავემშვიდობები ამ ქალაქს, ვერანდიდან, მოწნული სავარძლიდან და ნოუთბუქით მუხლებზე.
ოთახში ჯდომას და წუწუნს ნამდვილად სჯობს. : )

Monday, May 5, 2014

უკუღმართი jet lag-ი

10 დღეში ამ დროს დეტროიდში ვიქნები, ან უკვე ჰაერში პარიზისკენ.
ერთი სული მაქვს როდის ჩავალ თბილისში და თან არ მინდა აქედან წასვლა, როცა მითუმეტეს, როგორც იქნა, გავიდა ეს ზამთარი და ცხოვრება საინტერესო გახდა.
ზეგ და მაზეგ გამოცდები მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი 2 გამოცდა. მერე 3 დღეში კიდევ თემები ჩასაბარებელი.
მეორე კვირაა ვეღარ ვმშვიდდები, ვერ მძინავს ნორმალურად და უსაშველოდ აფორიაქებული ვარ.
ხო, ვარ, იმიტომ რომ მგონია ვერაფერს მოვასწრებ, ვერ ჩავაბარებ კარგად გამოცდებს, ბარგი ჩაულაგებელი დამრჩება, აეროპორტში დამაგვიანდება, ნიუ-იორკში ქეთის სანახავად ჩასული უკან ჩამოსვლას ვერ მოვასწრებ, გამოსამშვიდობებელი საღამო აქ ბავშვებთან დასაგეგმი დამრჩება, გამოცდები მოსამზადებელი, ბარგი ჩასალაგებელი, ქეთი, გამოსამშვიდობებელი საღამო, გამოცდები, ჩალაგება...

რაც უნდა იყოს, დრო გადის და მინდა თუ არ მინდა, 10 დღეში ამ დროს, ან დეტროიდის აეროპორტში ვიქნები, ან უკვე ჰაერში - პარიზისკენ. და პარიზში 12 საათი რომ მიწევს ლოდინი თბილისისკენ ფრენამდე, იქნებ მაშინ მაინც ჩამეძინოს და დავისვენო : )



Tuesday, March 4, 2014

Cardio

"ზომბილენდი"-დან, წესი #1 ; ) 
ჩემი ფიზიკური აქტივობა, ბავშვობაში ცეკვის გარდა, რაჭაში დილაობით სირბილით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ აუზზე სიარულით და არასდროს ხდებოდა რეგულარული. 
ერთხელაც, 3-4 კვირის წინ, ძალიან გემრიელი წინადადება მივიღე - 14 თებერვლამდე თუ გაწევრიანდებოდი ერთ-ერთ სპორტულ კომპლექსში, თან სტუდენტიც თუ აღმოჩნდებოდი, ყველაფერი ჩემ განკარგულებაში გადმოდიოდა, დილიდან საღმომდე. : ) ყველაფერში ვგულისხმობ აუზსს, ტრენაჟორების დარბაზს, ფიტნესის და ეგეთი მაიმუნობების გაკვეთილებს და იოგას. 
დამაინტერესა.
დრო მქონდა, თან ვინც შემომთავაზა, ის გოგო თვითონ დადის მანქანით თითქმის ყოველ დღე.
ხო და დავთანხმდი : ) 
მიზანი არ ყოფილა გახდომა, ზოგადად ფორმაში ჩადგომა, კუნთების გამოცოცხლება და ცოტა ფიზიკური დატვირთვისადმი შეგუება იყო. 
დავიწყე აუზით და სარბენი ბილიკით. და პირველი რაც გავაკეთე სარბენ ბილიკზე დავინიშნე დრო, სიჩქარე და ჩემი პულსი. 
საშინელი შედეგი მქონა, 2 წუთში მაქსიმუმი 4.0 სიჩქარეზე პულსი 167-მდე ავიდა და 5 წუთი დასჭირდა დარეგულირებულიყო. ჩემი თავის შემრცხვა მოკლედ : )) 
თუმცა გავაგრძელე, მეორე დღეს ფიტნესი, შემდეგ დღე ცურვა და ცოტა ტრენაჟორები, მერე იოგა და სუნთქვის ვარჯიშები და გავიდა 2 კვირა. და კვირის ბოლოს რაღაცების საყიდლად რომ წავედი, შორტების მოზომების დროს, ფეხებზე კუნთები მეტყობოდა. 
რომელიც ასე, ჩემი ბავშვობის დროინდელი ცეკვის მერე აღარ დამტყობია : ) 
და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შედეგი, ამ 2 კვირის მერე, სარბენ ბილიკზე დადგომისას ვნახე! მომატებულ სიჩქარეზე (5,2მდე), 5 წუთის მერე, პულსი 151-ზე მაღლა არ ამსვლია. 
დარეგულირებას კი, როგორც კი ტემპს დავაგდებდი, მაშინვე იწყებდა. 
ვიდექი ამ სარბენ ბილიკზე გაბრწყინებული და ჩემი თავით აღტაცებული, ბევრი არა, სულ 15 წუთი ვირბინე, მაგრამ იმაზე არანაკლებ კმაყოფილი ვიყავი, ვიდრე ჰუსეინ ბოლტი მსოფლიო რეკორდის დამყარების მერე :))))  
იმის მერე ცოტ-ცოტა კიდევ ვცდილობ გავაუმჯობესო მიღწევები, მაგრამ, რაც მთავარია, დავიწყე, უკვე 1 თვე გავა მალე და თითქმის ყოველ მეორე დღეს, რეგულარულად ვვარჯიშობ! 


მეტი რა, "ჩიკაგო"-ს ბილეთებს ვეძებდი ბროდვეიზე და კიდევ, თუ ყველაფერი კარგად იქნა, 14 მარტს აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობას ვიწყებთ.
მოკლედ, კარგად ვარ : ) 




Thursday, February 20, 2014

რას ვაკეთებ აქ

რაც ოლბანიში ჩამოვედი, გარდა იმისა, რომ ღამე არ მძინავს მგონი არაფერზე დამიწერია : )
არადა, ეს ერთადერთია რაც მაწუხებს, სხვა ყველაფერი ისეა, როგორც ვისურვებდი.
მაინც, რას ვაკეთებ აქ:
ვსწავლობ. ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ყოველდღე ლექციები, პარასკევიდან კვირამდე დასვენება. დავალება იმდენია და ამინდის ისეთი ცივი, ჯერ ამ ქალაქიდან გასვლას ვერ ვახერხებთ, თუმცა გაზაფხულისთვის უკვე დიდი გეგმები გვაქვს! : )
დავდივარ მაღაზიებში. ბევრს არაფერს ვყიდულობ, აქაც გაზაფხულს ველოდები ალბათ, და კიდევ მაფიქრებს აქედან როგორ უნდა წამოვიღო 1 ჩემოდანზე მეტი.. მაგრამ თვითონ ეს პროცესი, დიდი სავაჭრო ცენტრებში ხეტიალი მიყვარს.
არ ვაკეთებ საჭმელს, ან ძალიან იშვიათად, რაც ასევე მაწუხებს, და გამოსწორებას ვაპირებ. რატომაც არა, დრო მაქვს, შესაძლებლობაც რომ ჯანსაღი პროდუქტი ვიყიდო და მოვამზადო. უბრალოდ მაინც მიუჩვეველი ვარ : ))
ვერ ვუყურებ ფილმებს. მხოლოდ კინოთეატრში. რაც მართლა კარგია, დრო არ მეხარჯება. საქართველო ინფორმაციის მოპოვების მხრივ სამოთხეა. აქ იუთუბზე ლინკები ან აკრძალულია და არ გიჩვენებს, ან ფულს იხდი ნებისმიერი ფილმის ნახვაში. გარდა ძველი რუსული ფილმების : )) სამაგიეროდ გმაოგვაქვს მე და პოლინას ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წლის წინანდელი, გემრიელი ფილმები და "movie night"-ებს ვაწყობთ, სხვა ბავშვებთან ერთად. ახალ ფილმებს თბილისში ჩასვლამდე დავემშვიდობე : )
ვიწერ  ნივთებს ამაზონიდან და სხვა საიტებიდან. ძალიან მოსახერხებელია. მითუმეტეს თუ წიგნს ყიდულობ და თუ ეს წიგნი ახალი არაა, საოცარ ფასად შეგიძლია გადააწყდე რამეს.
ვიღებ ფოტოებს. რისთვისაც, ვისურვებდი მეტი დრო მქონიდა, იმიტომ რომ ჩემი ახალი, უსაყვარლესი ნიკონი დ3200 მიდევს ოთახში და ვერ ვიყენებ ისე ხშირად, როგორც მას და მე მინდა. დრო არ მაქვს იმდენი..
რაც მთავარია: დავიწყე ვარჯიში. ინტენსიურად. აუზზე სიარულით. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. იმდენად სასიამოვნო ცვლილებაა ჩემ ცხოვრებაში, რომ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს და დეტალურად მოვყვები. : )
ყოველ დილით ვსვამ სტარბაქსის ყავას : )) შაბლონურია, ამერიკაში. თქვენ წარმოიდგენთ, რომ ყოველ დილით შევრბივარ კაფეში, ვუკვეთავ ყავას და აჩქარებული ნაბიჯებით, ქაღალდის take away ჭიქით ხელში, გამოვდივარ. არადა, ყავას ვყიდულობთ და სახლში ვხარშავთ. უგემრიელესი გამოდის : ) უკვე გავსინჯეთ ჩვეულებრივი მედიუმი, ყავა სუმატრიდან (ჩემი საყვარელი), და French roast - ი. თუმცა თუ ლექცია ძალიან ადრე გვეწყება და მთელი დღე იქ გვიწევს ყოფნა, მრავალჯერადი თანსატარებელი ჭიქების გამოყენება მაინც გვიწევს : ) არის რაღაც რომანტიკა ამაში.
მივეჯაჭვე ინტერნეტს. მითუმეტეს ამ დღეებში, რაც უკრაინაში არეულობაა. ისედაც ეს განწყობა მექნებოდა, მაგრამ ჯგუფელები გვყავს, ძალიან საყვარელი იულია და როქსალანა, კიევიდან და ლვოვიდან არიან და რომ ვუყურებ, თავს ვალდებულად ვგრძნობ რამით გავამხნევო. ისეთი გაფითრებულები და სევდიანები დადიან რომ არ შეიძლება გულთან უფრო ახლოს არ მიიტანო მთელი ეს საშინელება. ჩემი, გიორგის და პოლინას გარდა, არავინ არ იცის ამერიკაში რამე თუ ხდება უკრაინაში. საერთოდ არაფერი ადარდებთ. ერთადერთმა ლექტორმა დაიწყო ლექცია სიტყვებით, რომ რაც ხდება რა საშინელებაა და იმედია, ყველაფერი კარგად დამთვრდება და წარმოუდგენია რას რძნობენ ეს გოგოები. ეს ლექტორი ყველაზე კარგია ისედაც, და გაცილებით ამაღლდა ჩემ თვალში. ბოლოსდაბოლოს, ამერიკის გარდაც აინტერესებს სხვა ადამიანები.
პ.ს. და ბოლოს ვაკეთებ იმას, რომ ველოდები გაზაფხულს და მიუხედავად ყველაფრისა, მენატრება საქართველოში დატოვებული ადამიანები : )
რა თქმა უნდა, კიდევ არის უამრავი დეტალი, რაც აქ ყოფნას, აქ ყოფნად აქცევს, ეგზოტიკური და უცხოა, მინდა თუ არ მინდა, მცვლის მე, და თუ დრო მექნა ჩამოსათვლელად, თქვენც მოგიყვებით.

Friday, February 7, 2014

ზამთრის ერთი ღამე

სენტიმენტალური ღამე მაქვს ოლბანიში.
ამ დრომდე ვწერ ბლოგზე.
3 პოსტი დავწერე და ყველა გადავინახე დრაფტებში - გამოსაქვეყნებელი არცერთი არაა, ზედმეტად გულახდილები და პირადებია.
3 დიდი წერილი გადავდე გვერდზე, გამოუქვეყნებლად : ))
აქ ცივა.
შემდეგ შაბათ-კვირას წვეულება გვაქვს : )
პოლინა გვეუბნება მე და გიორგის, მთელი ოლბანი ქართველ სტუდენტებს გელოდებოდით, ერთი სული გვქონდა როდის ჩამოხვიდოდით და ადაპტაცია ხომ გაიარეთ და დავიწყოთ შემდეგი შაბათ-კვირიდანო : )
მთელ ოლბანიში, რა თქმა უნდა, მთელი ოლბანი არ იგულისხმება : ) მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო მოსასმენად : ))
ისე, დედ-მამა და ბებია-ბაბუები რომ ყვებიან საქართველო გამორჩეული იყო საბჭოთა კავშირშიო, უკვე საკუთარი წყაროებიდან მიმართლდება ეგ მოსაზრება. ვისაც ვხვდები, ყველას საოცარი წარმოდგენა აქვს ჩვენზე, რაღაცნაირი, აღმატებული..
იმედს ვიტოვებ, რომ მსოფლიო უბრალოდ ჯერ არ გვიცნობს და მარტო ამიტომაა USSR-ით რომ შემოვიფარგლებით : ))
ჩვენ სახლში ბევრი ადამიანი ცხოვრობს.
ყველას თავისი ისტორია აქვს.
თუმცა ესეც მერე იყოს.
უკვე ძალიან დამაგვიანდა დაძინება.
ამ სიმღერას მოგცემთ თქვენც <3 "New Girl" - ის ერთერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდიდანაა, თვითონ მონაწილეები მღერიან და რაღცნაირი გულწრფელი სიმღერაა : )




Thursday, January 30, 2014

NY.1

ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ თორნიკეს გავიცნობდი, ეს ბლოგი გავაკეთე. მაშინ, წარმოდგენაც არ მქონდა რომ ამერიკაში, ან ნიუ-იორკში წავიდოდი. ფონად ძალიან შემთხვევით, ხედის, აურის, ანთებული სინათლეების და შორიდან სიყვარულის გამო, უბრალოდ ბრუკლინის ხიდი შევარჩიე. : )
საერთოდ თუ რამეს არ ეთქმის უბრალო, ესაა ბრუკლინის ხიდი, რომელიც პირიქით, ერთერთი ყველაზე ჯადოსნური და ამაღელვებელი ადგილია <3
წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე საათის ჩასული ხართ მატარებლით, რომელიც თურმე ჩრდილოეთიდან შედის ქალაქში და საერთოდ ვერაფერს მოკრავთ თვალს გვირაბის გარდა, და სასტუმროში დაბინავების მერე კი, უკვე სრულიად ბნელა.
თქვენ კიდევ პირველად ხართ ნიუ-იორკში, ამ გასაგიჟებელ და ფილმებიდან შეყვარებულ ქალაქში. რას იზამდით?
რაც მთავარია გახსოვდეთ, თუ ნიუ-იორკში გაქვთ გუგლ მეფი, მეტროს რუქა და გარემოში ოდნავ ორიენტაციასაც ახერხებთ, რა დროც არ უნდა იყოს, სასტუმროში არ შეყოვნდეთ : )

ჩვენ გაგვიმართლა, რომ სასტუმრო მანჰეტენზე არ გვქონდა და ბრუკლინის ხიდს ბრუკლინიდან მივადექით..
ცათამბჯენების სქაილაინი, ღამით, როცა შენობებში ყველა ფანჯარა განათებულია, ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რაც ცხოვრებაში მინახავს. არ ვაჭარბებ.
ხიდზე ყინავდა, და ქარი უბერავდა, მე კიდევ დაკიდულ ბაგირებს შორის მანჰეტენს ვხედავდი და იქით მივდიოდი.

               

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ფოტოები გაცილებით ცუდი გამოვიდა ვიდრე ველოდით, განსაკუთრებით ფერადი : )

მანჰეტენი კი, ზუსტად ისეთი დამხვდა, როგორიც წარმომედგინა, ანუ როგორიც მინახავს "Sex and the City"-ში, "Devil wears Prada"-ში,  "Manhattan"-ში, "You've got mail"-ში და რამდენ ფილმში კიდევ : )  ყვითელი ტაქსებით, მიწისქვეშიდან ამოსული ორთქლით, რკინის კონსტრუქციებით ტროტუარებზე, უსწრაფესი ტემპით, და საკმაოდ დეპრესიული ხასიათით...
სასტუმროში დაბრუნების მერე, ქანცგაწყვეტილს ამდენი ხეტიალის მერე, კი გაგიელვებთ ფიქრი, რომ არ იცი, გიყვარს თუ არა აქაურობა, მაგრამ სახლში დაბრუნებულს რომ აუცილებლად მოგენატრება, დარწმუნებით შეგეძლება თქმა.

(აქ გავჩერდები და შემდეგ დღეებს, შემდეგი პოსტებისთვის შემოვინახავ) : )

აქვე, რამდენიმე რჩევა: არ შეხვიდეთ მაკდონალდსში, ან შედით, თუ გინდათ თავი ყველაზე დათრგუნულ ადამიანდ აქციოთ.
არ გადახვიდეთ მანჰეტენ-ბრიჯზე ფეხით, არც ღამით და არც დღე, ისეთი უკაცრიელია, სულ რომ უმანკო ანგელოზი იყოთ, რამე დანაშულის ჩადენა, სულ მცირე, ვინმეს ქვემოთ გაწოლილ, შავ ოკეანეში გადაგდება მოგინდებათ.
გადაიღეთ შავ-თეთრი ფოტოები, თაიმ-სქვერიც კი გაცილებით ლამაზია შავ-თეთრად : ) თუმცა, ეს ალბათ უფრო გემოვნების ამბავია, ვის, როგორ.. : )



და იმედი მაქვს, ამ პოსტის შემდეგ კიდევ გავაგრძელებ წერას, მოსაყოლი ბლომად დამიგროვდა : )